გიორგი გახარია - გამოწვევა უნდა დავამარცხოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაში, პოლიტიკურ კულტურასა და კიდევ ბევრ რამეში
გიორგი გახარია - გამოწვევა უნდა დავამარცხოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაში, პოლიტიკურ კულტურასა და კიდევ ბევრ რამეში

როდესაც ჩვენ დავძლევთ ამ გამოწვევას – „კოვიდ 19“-ს, ჯანდაცვის, ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობის გამოწვევას, მთავარია, სად იქნება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, ჩვენი სოციალური ქსოვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ღონისძიებების ეფექტურობის მაჩვენებელი იქნება სწორედ ის შედეგი, რომლის ფასადაც ქვეყანა აღნიშნულ გამოწვევას გადალახავს.

„გლობალური კონკურენცია ჯერ არავის გაუუქმებია და ვერავინ გააუქმებს. როგორც კი მსოფლიო ამ გამოწვევას დაძლევს და, რა თქმა უნდა, დაძლევს, ახალ გლობალური კონკურენციაში ჩავერთვებით და ის რესურსები, რომელთაც დღეს ვუფრთხილდებით და რასაც მე ბალანსს ვეძახი, არის, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს გამოწვევა ისე, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაშიც, ჩვენს სოციალურ ქსოვილშიც, პოლიტიკურ კულტურაშიც და კიდევ ბევრ რამეში. ეს არის ყველაზე დიდი ეფექტურობა. შესაძლებელია, დღეს ქვეყანაში ჩავაქროთ შუქი, გამოვაცხადოთ სრული საგანგებო მდგომარეობა, სრული კარანტინი, თითოეული მოქალაქე ვაიძულოთ, დარჩეს სახლში, გაქრეს ყველა სამუშაო ადგილი, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური. როდესაც ამ გამოწვევას დავძლევთ, ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელი საბოლოო ჯამში იქნება, რა ძალისხმევით, რის ფასად, რა დანაკარგებით გადავლახეთ ეს. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მოვერევით, ჯერ ბევრ სხვაზე უკეთ გამოგვდის. ამ წარმატების გასაღები არ არის მხოლოდ მთავრობა, მხოლოდ ხელისუფლება, ამ წარმატების გასაღები მთლიანად საზოგადოებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.