გიორგი გახარია - უმძიმესია, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც რატომღაც თავს ქვეყნის მთავარ ოპოზიციას ეძახის, შინაარსისგან არის დაცლილი
უმძიმესია, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც რატომღაც თავს ქვეყნის მთავარ ოპოზიციას ეძახის, შინაარსისგან არის დაცლილი, – განაცხადა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში პარლამენტის ხარისხი, მათ შორის ოპოზიციის, ცოტა უფრო უკეთესი იქნება.
„უბრალოდ, თქვენ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებთ, თქვენ უკვე მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ. მე აქ რომ ვდგავარ, ჩემს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე ვიაზრებ და თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. სამწუხაროდ, ასეა. რაღაც პერიოდის წინ ნიშნავდა. ვცდილობდი, რაღაც შინაარსი, რაღაც მეპოვა, სამწუხაროდ ასე მოხდა. უმძიმესია, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც რატომღაც საკუთარ თავს ქვეყნის მთავარ ოპოზიციას ეძახის, იმდენად არის შინაარსისგან დაცლილი, მთელი დღის განმავლობაში, მეორე დღეა, მესამე თუ არა, თემები აქვს გავრილოვი, თემები აქვს ადამიანების ტრაგედიები, გარდაცვლილი ადამიანები. ბატონი რატიანი კერზაიების ტრაგედიით სპეკულირებს უკვე მეორე წელია. აქ საერთოდ მორალი სად არის, უბრალოდ არ მესმის. ამის იქით არ წავალ. ეს შესაფასებელია თითოეული მოქალაქის და ეს შეფასება, საბედნიეროდ, სულ მალე მოხდება. იმედი მაქვს, რომ ამ პარლამენტის ხარისხი, ოპოზიციის მათ შორის, იქნება ცოტა უფრო უკეთესი. თან, კიდევ ერთი მომენტია, მე რასაც ვუყურებ, რატომღაც, აი, ბატონი კანდელაკი, თავს იბრაზებს, რაღაცაზე ბრაზდება, კინაღამ შარვლიდან ამოხტა. დაწყნარდით, დამშვიდდით, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, გიპასუხებთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს.