გიორგი გახარია - უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ელემენტარული წესების დაცვას და ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ იანვარს
გიორგი გახარია - უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ელემენტარული წესების დაცვას და ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ იანვარს

წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზეც. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ, დაახლოებით ერთი წელია უკვე, ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისში ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საახალწლო მობილობა როგორი იქნება და როგორ დაიცავს მოსახლეობა წესებს, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ იანვარს.

„როგორ არის დალაგებული – სამ კვირაზე ოდნავ მეტი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც რეალურად აგდებს მობილობას, შემდგომ, ერთკვირიანი შესაძლებლობა საახალწლო პერიოდში, თუმცა ვამბობთ, რომ უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ყველა ის დაწესებულება, რომელიც გაიღება და ამ პერიოდში იმუშავებს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ, პარალელურად, მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ ფაქტობრივად, 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, თქვენ უქმე დღეები გაქვთ, დასვენების დღეები გაქვთ. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი დატვირთვა აქვს, იმისთვის, რომ ადამიანმა წინასწარ დაგეგმოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 15 რიცხვი პარასკევია და ამას ებმება შემდგომ, 18 რიცხვამდე, შაბათი და კვირა, ფაქტობრივად, დაახლოებით სამი კვირა, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ. ამას აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ იმ ერთკვირიანი გახსნის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ერთკვირიანი გახსნის პირობებში რამდენიმე მნიშვნელოვან სისტემურ შეზღუდვას მაინც ვინარჩუნებთ, ეს არის, მაგალითად 21:00 საათის შემდგომ გადაადგილებაზე შეზღუდვა, რესტორნების არ გახსნა და კიდევ ბევრი რამ, ეს მაინც, მობილობის გარკვეულ დაბალ დონეს შეინარჩუნებს, თუმცა გეთანხმებით, რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება, ამ ერთი კვირის განმავლობაში, ელემენტარული წესების დაცვას. ყველას კარგად გვესმის, საახალწლო მობილობა როგორი იქნება, მაგრამ უნდა მოვახერხოთ წესების დაცვა. როგორ დავიცავთ ამ წესებს, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ იანვარს. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ 3 რიცხვის შემდეგ, იმ ქალაქების და ქვეყნის მასშტაბით, ბრუნდება ის შეზღუდვები, რომლებიც დეკემბრის პირველ ნახევარში გვაქვს, მაგრამ 16 იანვრიდან, უკვე გადავდივართ მხოლოდ შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, თვის ბოლომდე“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს გაგრძელდება ვაქცინის შემოღებამდე, ეს არავის არ უთქვამს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ორთვიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დეკემბერს და იანვარს, პირველ თებერვლამდე.

„ამ ორი თვის განმავლობაში შეზღუდვები, რომელიც იქნება, სრულად გაყვება ორ თვეს, ეს იქნება რესტორნების სრული შეზღუდვა, მხოლოდ გატანაზე, ეს იქნება ფიტნესი, საცურაო აუზები, 21:00 საათის შეზღუდვა, რომელიც გაიხსნება მხოლოდ 2-ჯერ – საახალწლოდ და შობის ღამეს, ისევე, როგორც 16 რიცხვის შემდგომ, შაბათ-კვირის შეზღუდვები რომლებიც იქნება, რა თქმა უნდა, შაბათ-კვირის გარდა, მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს ჩვეულებრივად. იქ, ხუთი დღე, იქნება ნორმალური ცხოვრება. შაბათ-კვირის შეზღუდვები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ის შედეგები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ დეკემბრის და იანვრის, ახალი წლის შემდგომ შეზღუდვებით, შევინარჩუნოთ თებერვლის დასაწყისამდე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ საუბარია იმაზე, რომ არ მოხდეს შემდგომი ზრდა ინფიცირების სისწრაფის, არამედ დავასტაბილურეთ, დაახლოებით 3 000-ის ირგვლივ, რომ შემდგომ უკვე თებერვლიდან, ჩვენ მივცეთ ექიმებს დასვენების შესაძლებლობა. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შეზღუდვების შედეგებს, ჩვენი მოქალაქეები, ჯანდაცვის სისტემა, თითოეული ჩვენგანი ვიგრძნობთ მხოლოდ და მხოლოდ 4-5 კვირის შემდეგ. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

შეზღუდვების პირველ შედეგებს ჩვენ იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ ვიგრძნობთ. ეს იქნება უმნიშვნელო შეღავათი, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ამ შეზღუდვების მნიშვნელობა. ეს არ არის სისტემური შეზღუდვები, ეს არ არის ლოკდაუნი, ყველას ხომ გვესმის, რომ წარმოება, ყველაფერი მუშაობს. აქ საუბარი არის, მხოლოდ და მხოლოდ არა საბაზისო, პირველადი მოთხოვნილების სერვისებზე, როგორიც არის საცალო ვაჭრობა, რესტორანი და ფიტნესი. ძირითადად ამაზეა კონცენტრირებული, რომლებიც აგენერირებენ დიდ მობილობას. ყველას კარგად გვახსოვს ბათუმის ისტორია. საქართველოში ინფიცირების რაოდენობის ზრდა დაიწყო სექტემბრის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩვენ ავედით ათეულებზე, მერე ასეულებზე და დღეს, სამწუხაროდ, ვართ ათასეულებზე. აქ, უბრალოდ, ჩვენს ბალანსში დაემატა კიდევ ერთი პოლიტიკური, მაგრამ ყველას ხომ კარგად გვახსოვს, ბათუმი რით დაიწყო. სწორედ ამიტომ იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ თბილისის და დიდი ქალაქების მსგავსი შეზღუდვები დაწესდება ყველა იმ სათხილამურო კურორტზე, რომლებზეც ასევე, არსებობს  ინფიცირების მაღალი რისკი სწრაფი ზრდის. მოგეხსენებათ, დღეს უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ევროპაში პირდაპირი მოწოდებაა სათხილამურო კურორტების სრული დახურვის“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი