გიორგი გახარია - ტურიზმის ამოქმედების პროცესში სასაზღვრო წერტილები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პროტოკოლები შედგენილია, შესაბამისი პროცედურებისთვის გამოცხადებულ ვადებში ქვეყანა მზად იქნება
გიორგი გახარია - ტურიზმის ამოქმედების პროცესში სასაზღვრო წერტილები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პროტოკოლები შედგენილია, შესაბამისი პროცედურებისთვის გამოცხადებულ ვადებში ქვეყანა მზად იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის ამოქმედების პროცესში სასაზღვრო წერტილები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმის ამოქმედებაზე პრემიერმა კახეთში, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი დავალებები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს და პროტოკოლები შედგენილია.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არის სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალება უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია. იქ საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და მთელი პროცედურები, რომლისთვისაც ქვეყანა იმ ვადებში, რომელიც გამოვაცხადეთ, მზად იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და სხვა საკითხები სტუმრების „კოვიდ-19“-სგან დასაცავად.

„ტრანსპორტი, ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობა ძალზე დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ აქ მთავარი არის, რომ თქვენც უკვე შეგეძელებათ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსგან, ასევე ტურიზმის სააგენტოდან აღნიშნული პროტოკოლები წაიღოთ და ნელ-ნელა, ვისაც სურვილი გექნებათ, მზადება დაიწყოთ“, – მიმართა პრემიერმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.