გიორგი გახარია - ტურიზმი არის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი
გიორგი გახარია - ტურიზმი არის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სფერო ნელ-ნელა უნდა ამუშავდეს.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარება და მიმდინარე ანგარიშიც ძირითადად, ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციებისა და რემიტანსების ბაზაზე. სამწუხაროდ, დღეს ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს, ამიტომ, ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით,  მთავრობა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საკმაოდ მჭიდროდ მუშაობს.

„ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება, რომ ტურიზმი და საერთოდ მოგზაურობა გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია. რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო, შემდგომ ტრანსპორტი და შემდეგ სასტუმრო. ყველა ის ეტაპია, მინიმალურად აუცილებელი, სადაც „კოვიდის“ საწინააღმდეგო ზომები და წესები უსაფრთხოების ნაწილში უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.