გიორგი გახარია - ტურიზმი არის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია, პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი
გიორგი გახარია - ტურიზმი არის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია, პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი

ტურიზმის არის ის სფერო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია, პანდემიის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე მიიღო და საკარანტინო ზონებად გადააქცია სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება და როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, „კოვიდ-19“-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს როგორ მოემსახუროს.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებით შეიძლება, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი, როდესაც ეს სტანდარტები ბოლომდე დადგენილი არ არის. იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ და საკარანტინო ზონებად გადავაქციეთ სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაციაც იყენებს, რათა პოსტკრიზისულ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, „კოვიდ-19“-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს როგორ მოემსახუროს. ეს არ არის მარტივი თემა, რადგან ინფიცირების რისკის პირობებში სასტუმროს მართვას სჭირდება სხვადასხვა, ბევრი გამოცდილება, ცოდნა და ექსპერტიზა, რომელიც ჩვენ ბევრ სასტუმროს დაუგროვდა. მოგეხსენებათ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, კარანტინის ზონები საქართველოში გაიარა 19 000-მა მოქალაქემ, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საზღვარგარეთიდან ორგანიზებულად მთავრობამ ჩამოიყვანა ან შემოდიოდნენ სახმელეთო საზღვრებით და რომლებიც აუცილებლად 14-დღიან საკარანტინო ზონას გადიოდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი სასტუმრო მომსახურეობა, თავისი კვების ბლოკებით,  ტრანსპორტირებებით, ყველა სერვისით, რომელსაც ჩვეულებრივი სასტუმრო ახორციელებს. ეს არის ის დაგროვილი გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ და რომელსაც უკვე იყენებს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია. ეს არის ის უპირატესობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.