გიორგი გახარია - თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, იქნება დასჯილი
გიორგი გახარია - თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, იქნება დასჯილი

თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, იქნება დასჯილი, – ამის შესახებ შს მინისტრმა,გიორგი გახარიამ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„საქმე აღიძრა გუშინ, ზუსტად ნახევარ საათში მას შემდეგ, რაც ვიდეო გავრცელდა. თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, იქნება დასჯილი. პატრულმა თუ თავის ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს, იქნება დასჯილი. თუ შესაბამისმა სხვამ, მესამე პირმა ეს მასალა გამოიყენა იმისთვის, რომ მიეღო გარკვეული დივიდენტი არჩევნებისთვის, კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

„რუსთავი 2-მა“ გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. სიუჟეტის თანახმად, კადრებში კარგად ჩანს, რომ ნაცვლიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს მანქანას და ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

სიუჟეტს თავად ლაშა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საჭესთან ნასვამი იჯდა, თუმცა მისივე თქმით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს – ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.

წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც“,- დაწერა სოციალურ ქსელში ნაცვლიშვილმა.