გიორგი გახარია - ია კერზაიასთან დაკავშირებული ტრაგედია შვიდმა-რვა ადამიანმა პროპაგანდისტული სტილით გაიმეორა, რაც მორალური პრობლემაა
გიორგი გახარია - ია კერზაიასთან დაკავშირებული ტრაგედია შვიდმა-რვა ადამიანმა პროპაგანდისტული სტილით გაიმეორა, რაც მორალური პრობლემაა

ტრაგედია, რომელიც ია კერზაიასთან დაკავშირებით მოხდა, შვიდმა-რვა ადამიანმა პოლიტიკური მესიჯის სახით ჩვეულებრივი პროპაგანდისტული სტილით გაიმეორეთ, ეს უდიდესი მორალური პრობლემაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

„კონტექსტი ხომ გახსოვთ. მაშინ თქვენ მე მითხარით და ბრალი დამდეთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ იწყება და არც დაიწყებაო. გითხარით, რომ აგერ ნახავთ, დაიწყება თუ არა და გამოძიება დაიწყო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მასაც აქვს უფლება, პოლიტიკური და მორალური შეფასება მისცეს იმას, რაც პარლამენტში ხდება.

„მეც მაქვს უფლება, პოლიტიკური და მორალური შეფასება მივცე იმას, რაც აქ ხდება, ისევე, როგორც თქვენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, საქმეებზე, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებაშიც კი არ არის ჩართული.

„რომან გოცირიძემ ჩამოთვალა ხელისუფლების მიერ ჩადენილი რაღაც უამრავი დანაშაული: მუხთარლი, თემირლან მაჩალიკაშვილი, ია კერზაია, „თიბისი ბანკის“ წერილი, ანაკლიის პროექტი, ჭიდაობის ფედერაცია. უბრალოდ მინდა აგიხსნათ, რაც თქვენ უნდა იცოდეთ და დარწმუნებული ვარ იცით, ყველა ამ საქმეს სხვადასხვა ანატომია აქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არც ერთ ამ საქმეში, გარდა ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარისა, გამოძიებაშიც არ არის ჩართული.