გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ვიყოთ არა დაპირისპირებისა და დამხობების, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა
გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ვიყოთ არა დაპირისპირებისა და დამხობების, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა

თითოეულმა ჩვენგანმა, არ აქვს მნიშვნელობა, რა პოლიტიკური მოსაზრებები და პოლიტიკური მსოფლმხედველობა გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გამოწვევების, ურთიერთდაპირისპირების, პოლარიზაციის, გადატრიალებებისა და დამხობების ქვეყანა კი არა, იყოს შესაძლებლობების ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს საფუძველი ჩაეყარა 582 ბინის მშენებლობას.

„დღეს მოვახდინეთ კაფსულის ჩაგდება. წელიწადსა და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც უაღრესად მძიმე სოციალურ გარემოს, რომელიც ტვირთად აწევს აჭარას, ბათუმსა და საქართველოს, გახდის სრულიად განახლებულს. სოციალურად პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდგომ, შეიქმნება სრულიად ახალ გარემო, რომელიც ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს ბავშვებს. ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც ქვეყანას, როგორც საქართველოს, ასევე აჭარის მთავრობას აქვს და ჩვენ ამას შევასრულებთ. ჩვენ აქ ვიყავით დეკემბერში, სიტყვებს ვერ გამონახავ სწორად თქვა, როგორ შეიძლება ემოციურად დაიტვირთო, როდესაც ორი ათასამდე ბავშვი ამ პირობებში ცხოვრობს. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ასე სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თმით, გამოიყო 38 მილიონი ლარი, ტენდერი უკვე ჩატარდა, ტენდერში უკვე არის გამარჯვებული.

პრემიერის განცხადებით, ზუსტად 2021 წლის დასაწყისში აქ დაიწყება ახალი სკოლისა და ბაღის მშენებლობა.

„აქ უნდა იყოს და იქნება „ოცნების ქალაქი“, რომელშიც იცხოვრებენ, ბედნიერად, წარმატებულად ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის წარმომადგენლები. თითოეულმა ჩვენგანმა, არ აქვს მნიშვნელობა, რა პოლიტიკური მოსაზრებები და პოლიტიკური მსოფლმხედველობა გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გამოწვევების ურთიერთდაპირისპირების, პოლარიზაციის, გადატრიალებებისა და დამხობების ქვეყანა კი არა, ამ ბავშვებისთვის იყოს შესაძლებლობების ქვეყანა. მათ შეძლონ თავიანთი წარმატებით ბედნიერება მოუტანონ თავიანთ ოჯახებს, თავიანთ ქვეყანას და შეძლონ ნორმალურ სკოლაში, ნორმალური განათლების მიღების შემდეგ, ასახელონ ქვეყანა და იყვნენ კონკურენტუნარიანები თავისი თანატოლების მსგავსად, როლებიც განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში იზრდებიან, ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.