გიორგი გახარია - თითოეული პოლიციელი მზად არის, მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, არჩევანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ
ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითოეული პოლიციელი მზად არის, მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, არჩევანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. თითოეული პოლიციელი დღეს მზად არის იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი.
რაც შეეხება ჩემს არჩევანს, სიმბოლურია ალბათ, ჩვენ ხომ წელს აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს, ბოლო ასწლეულების განმავლობაში ერთადერთი და პირველი დამოუკიდებლობის გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი კავშირი გვქონდეს ამ უდიდეს წარმატებულ გამოცდილებასთან. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ჩვენი ლიდერები მაშინაც ამბობდნენ და იდეალად ასახელებდნენ სწორედ 18-21 წლების რესპუბლიკას და ეს ისტორიული კავშირი დღეს, რომ აღდგება და გაგვიხსნის გზას ევროპული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია ერთიანი ქვეყნის მომავლისკენ.
ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და სიმბოლურად ჩემი არჩევანიც ამასთან არის დაკავშირებული. ამით დავიწყე და ამით დავასრულებ, პოლიცია ყველა ძალებით – ყველა საპოლიციო ძალა დღეს მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად და საჭიროდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.