გიორგი გახარია - ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ადამიანის ჯანმრთელობას, თითოეულ სამუშაო ადგილსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს
გიორგი გახარია - ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ადამიანის ჯანმრთელობას, თითოეულ სამუშაო ადგილსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება და სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევებისა და პანდემიის მიუხედავად, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა.

„დიდი პატივია ჩვენთვის აქ, თქვენთან ერთად საუბარი ქვეყნის მომავალზე, ხვალინდელ დღეზე. გურია, ლანჩხუთი ყოველთვის იყო ქვეყანაში სანიმუშო საზოგადოებრივი მოღვაწეების სამჭედლო – ყოველთვის იყო სამჭედლო დიდი მწერლების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ხელოვნების წარმომადგენლების. აქტიურობა ხშირ შემთხვევაში იწყებოდა აქედან და კახიმ სწორად გაიხსენა პირველი რესპუბლიკა, რომლითაც დღესაც ვამაყობთ, დიდი ნაწილი გურულებისგან შედგებოდა. ეს ყველაფერი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გვანიჭებს. როდესაც ჩვენს ხვალინდელ დღეზე და გურიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, სამუშაო ადგილებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველანი ამაზე ერთად ვმუშაობთ და ვხედავთ ყოველდღიურ პროგრესს. მარტივი პრობლემები არ არის დღეს გურიაში. მაგალითად, ლანჩხუთის წყალმომარაგება თუ ნორმალურ კონდიციაში მოვიყვანეთ, სამაგიეროდ სოფლებში წყალმომარაგება პრობლემაა, ისევე, როგორც პრობლემაა შიდა სასოფლო გზები. მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პირბადეებით გვიწევს ერთმანეთთან საუბარი, ბოლო რვა თვის განმავლობაში, მათ შორის გურიაში, არც ერთი წუთით სისტემური ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა არ შეჩერებულა. ამის შედეგია ის, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სამტრედია-გრიგოლეთის გზის ორი მონაკვეთი გაიხსნა. სულ მალე ეს პროექტი სრულად დამთავრდება და გარდა იმისა, რომ გურიის ყოველდღიურ ცხოვრებაში ელემენტარულ საგზაო უსაფრთხოებას შემოიტანს, ამასთან ერთად უფრო მარტივი იქნება ტურისტების რეგიონში შემოყვანა“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, შექმნას თანაბარი პირობები ყველასთვის.

ამასთან, მისივე განცხადებით, არ უნდა იყოს დიდი სხვაობა იმაში, თუ სად ცხოვრობს ადამიანი – ლანჩხუთში, ოზურგეთში, თბილისსა თუ ბათუმში.

„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ, რომ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა იმაში, სად ცხოვრობს ადამიანი – ლანჩხუთში, ოზურგეთში, თბილისსა თუ ბათუმში. ერთი და იგივე, დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს ყველას, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება აქ, თავის კუთხეში, თავის პატარა სამშობლოში, სადაც შეძლებენ საზოგადოებას დაეხმარონ და ქვეყნისთვის იშრომონ, სადაც შეძლებენ ასევე ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, წყალმომარაგებით, წყალარინებით, სკოლებით, ბაღებით, მედიცინით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიდი სხვაობა არ იყოს თბილისსა და ლანჩხუთს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ამ მიზნიდან გამომდინარე გვაქვს გეგმა, რომელიც მთელი 4 წლის განმავლობაში დეტალურადაა გაწერილი და ზუსტად ვიცით, სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა უნდა გავაკეთოთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ფული მოხმარდება უპირველესად წყალმომარაგებას. გზების შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის წყალი – როგორც სასმელი, ისე საირიგაციო და სარწყავი წყლები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გაზიფიცირება, სკოლების მოწესრიგება, მაგისტრალური და შიდა სასოფლო გზები. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ელემენტარული, ნორმალური ცხოვრების სტანდარტი დააკმაყოფილოს. გამოწვევები დღეს ძალზე დიდია. ვხედავთ, რომ უჩვეულოა, როდესაც პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობის ანტირეკორდი დამყარდა. ჩვენთანაც ყველანი კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით აჭარაში, თბილისსა და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ ბრძოლაშიც ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, დღეს ახალი გამოწვევებია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა და უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს.

„თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და აქ უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია, რომ ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს, ამას ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამართლიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.