გიორგი გახარია - ტექნიკურად პირადობის მოწმობების გაყალბება შეუძლებელია
გიორგი გახარია - ტექნიკურად პირადობის მოწმობების გაყალბება შეუძლებელია

ტექნიკურად პირადობის მოწმობების გაყალბება შეუძლებელია, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურაშია დაწყებული და საქმეს შსს-ს მიერ კონტროლზე აყვანა არ სჭირდება.

„ტექნიკურად პირადობის მოწმობების გაყალბება შეუძლებელია. პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია. ეს გამოძიება, რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში დასრულდება, ობიექტურ შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ უკვე ვისაუბრეთ, ვინ იყო წყარო ამ ინფორმაციის, რა მიზნებს ემსახურებოდა ინფორმაციის გავრცელება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ობიექტურ გამოძიებას, რომელიც სულ ახლო პერსპექტივაში დასრულდება. საქმეს შსს-ს მიერ კონტროლზე აყვანა არ სჭირდება, რადგან პროკურატურა იძიებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გამოძიება და ეს საკითხი უკვე საზოგადოების მიერ არის აყვანილი კონტროლზე. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გვექნება აბსოლუტურად, ერთმნიშვნელოვნად ღია და ობიექტური გამოძიება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. პროკურატურაში საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ.