გიორგი გახარია - სპორტის კომპონენტის დეპარტამენტის დონეზე გამოყოფა არ განხილულა, თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, ეს არის იდეალური ვარიანტი
გიორგი გახარია - სპორტის კომპონენტის დეპარტამენტის დონეზე გამოყოფა არ განხილულა, თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, ეს არის იდეალური ვარიანტი

სპორტის კომპონენტის დეპარტამენტის დონეზე გამოყოფის საკითხი არ განხილულა და თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, ეს არის იდეალური ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ შოთა ხაბარელის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც სპორტის კომპონენტის დეპარტამენტის დონეზე გამოყოფის ინიციატივა დააყენა.

„ჩემთვის სიურპრიზია, დეპარტამენტის დონეზე თუ შეიძლება საკითხის გადაწყვეტა. ასეთ რამ არ განხილულა. განვიხილავთ, ჯერ დრო გვაქვს. შინაარსობრივად, კულტურა და სპორტი ცოტა სხვადასხვა რამეა. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რამდენიმე ფედერაციასთან არჩევნების კონტექსტში მომიწია ცოტა ახლოს მუშაობა და ეს ფედერაციები ყველა საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომიით სარგებლობს, მაღალი ხარისხის ავტონომიის შეგრძნება აქვთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ამ ფედერაციებს აფინანსებს, მათ აქვთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტონომია და თუ დეპარტამენტი საკმარისი იქნება, ეს არის იდეალური ვარიანტი.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში მცირე მთავრობის პრინციპი უნდა შევინარჩუნოთ. მასობრივი სპორტი ქვეყნისთვის არის ნომერ პირველი ამოცანა და უფროა დაკავშირებული განათლების სფეროსთან. მაღალი მაჩვენებლის სპორტი უფრო ფედერაციების საკითხია, იქ ავტონომიურად იმართებიან, ავტონომიური დაფინანსება და თავისუფლების მაღალი ხარისხი აქვთ. ვფიქრობ, ამ დისკუსიაში გამოსავალი მოულოდნელად ვიპოვეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.