გიორგი გახარია სოფელ ზედა ეწერში ფერმერებს შეხვდა
გიორგი გახარია სოფელ ზედა ეწერში ფერმერებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ფერმერებს შეხვდა.

ის იმ პრობლემებითა და საჭიროებებით დაინტერესდა, რომელშიც მეწარმეებს სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

„სადაც ადამიანი შეძლებს, რაღაცა რისკი თავის თავზე აიღოს, ნაბიჯი გადადგას და თქვას, ჩემი თავი და ჩემი ოჯახი მე უნდა ვარჩინოო, იქ სახელმწიფო ყოველთვის დაგიდგებით გვერდზე. რომ გაძლიერდებით და სხვის ოჯახსაც დაასაქმებთ, მაგაზე უკვე მადლობას გეტყვით. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ, რომ ეს ქვეყანა რაღაცას დავამსგავსოთ. არავინ ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. არავის არ გვეგონოს, რომ იქედან ჩამოვა და მოგვხედავს. არავინ არ მოგვხედავს, ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს თავს. ამიტომ, მითხარით, რით შემიძლია, დაგეხმაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფერმერებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ისაუბრა.

„პატარა მარნები უნდა გავაკეთოთ. მესმის, რომ ამას ვერ ექნება ინდუსტრიული ხასიათი და ვერ იქნება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ტურიზმისთვის იქნება მნიშვნელოვანი. უცხოელმა არ იცის, ვერ ასხვავებს კახეთი რა არის, ქართლი და სამეგრელო, მესამედ და მეოთხედ რომ ჩამოვა, მაშინ გაიგებს, თუმცა აქაც იყო კარგი ჯიშები, რომლის აღდგენაც შეიძლება. სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის, რასაც შეუძლია, დღეს სამეგრელოში სწრაფად კარგი ფული მოიტანოს. მაგალითად, თხილის პოტენციალი არის 100 მლნ წელიწადში. მარტივად, კარგი მუშაობის შედეგად 1-2 წელიწადში თხილმა შეიძლება, სამეგრელოში შემოიტანოს დაახლოებით 100 მილიონი. ლურჯი მოცვი – აქაც დიდი პოტენციალია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.