გიორგი გახარია - შსს-ში გვაქვს ამბიციური გეგმა, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს
გიორგი გახარია - შსს-ში გვაქვს ამბიციური გეგმა, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს

შსს-ში საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების გადაცემის ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ გეგმის მისაღწევად არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმასა და საზღვრის ინტეგრირებულ მართვას.

გიორგი გახარიას თქმით, ამ რეფორმების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საპატრულო პოლიციას სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული. რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი-პატრულ ინსპექტორების რაოდენობა. დღეს პირველად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შსს-ში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა, საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისათვის მისაწოდებლად. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან დღეს – ვიწყებთ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლებას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანებით. ამისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კომპანია-კორპორაცია „მიცუბიშს“, რომელთა დახმარებითაც დღეს გადმოგვეცემა 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომობილი, რაც ხელს შეუწყობს საპოლიციო მომსახურეობის ხარისხის ამაღლებას. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ამ იდეის, რომ ეს ავტოპარკი გადასცემოდა საპატრულო პოლიციას, ჩვენ ალბათ გაგვიჭირდებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.

შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.