გიორგი გახარია - შეზღუდვების მიზანია, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა
გიორგი გახარია - შეზღუდვების მიზანია, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების მიზანია, რომ თებერვალში საქართველოს მოსახლეობამ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს.

როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა დაწესებული შეზღუდვები დაიცვან, რათა ინფიცირების მაჩვენებელმა მოიკლოს.

„გამოვაცხადეთ ორთვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება. ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც უახლოეს პერიოდში მიაღწევს დღეში 20 ათას ტესტს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ინფიცირების სწრაფ გამოვლენას. ამ ნაბიჯის მიზანია, შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, მოვახდინოთ მათი მკურნალობა, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ასევე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ვაქცინაციის გეგმაზე იმუშავებს.

„შეიქმნა ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმაზე, მის შეძენაზე. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით. ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც აუცილებელია დროული ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა გახარიამ.