გიორგი გახარია - შესაბამისმა უწყებამ ლაშა გოგია დააკავა, როგორც კი შესაბამისი მტკიცებულებების სტანდარტი შეიკრიბა
გიორგი გახარია - შესაბამისმა უწყებამ ლაშა გოგია დააკავა, როგორც კი შესაბამისი მტკიცებულებების სტანდარტი შეიკრიბა

პირის დაკავებას სჭირდება მტკიცებულებების სტანდარტი, როგორც კი ეს შეიკრიბა, შესაბამისმა უწყებამ ლაშა გოგია დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას დაკავების შესახებ, რომელიც ზუგდიდში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელიც იყო.

„იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, სჭირდება მტკიცებულებების სტანდარტი, როგორც ჩანს, მტკიცებულებების სრული სტანდარტი, რომ ეს პიროვნება ყოფილიყო დაკავებული და ბრალი წარდგენილი, არ არსებობდა. როგორც კი, შეიკრიბა, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ ის დააკავა“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებდა.

„ეს თავიდან ბოლომდე მათი საქმე იყო და მათ მიიღეს გადაწყვეტილება.ეს მიანიშნებს, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები, შექმნეს სტანდარტი და დააკავეს. მტკიცებულებების ნაწილი მანამდეც იყო, ჩვენ ერთად ვნახეთ, როგორ დაბრძანდებოდა ბატონი გულორდავა და გოგია დაკითხვებზე“, – აღნიშნა გახარიამ.

კითხვაზე, რომ ოპოზიცია აღნიშნულ დაკავებას წინასაარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯს უკავშირებს, მინისტრი პასუხობს რომ, „ეს მათი ნებაა და შეუძლიათ დაუკავშირონ“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.