გიორგი გახარია - სესხის გადავადების შეთავაზებით უკვე ისარგებლა 600 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ
გიორგი გახარია - სესხის გადავადების შეთავაზებით უკვე ისარგებლა 600 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ

სესხის გადავადების შეთავაზებით უკვე ისარგებლა 600 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამი თვით სესხის გადავადების სახელმწიფო დახმარებით ფიზიკური პირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაშინ, როდესაც მათ ელემენტარულად შემოსავალი დაკარგეს.

„დღემდე, ამ შეღავათით უკვე ისარგებლა 600 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა საბანკო სექტორთან ერთად, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ სახელმწიფოს ჩართულობა და პარტნიორობა, როგორც ეროვნული ბანკის, მთავრობისა და კერძო საბანკო სექტორის, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწრაფი დახმარების კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო ავტოიმპორტიორებისთვის საბაჟო გადასახადის გადავადება.

„ასეთი სწრაფი დახმარების კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ავტოიმპორტიორებისთვის საბაჟო გადასახადის გადავადება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ სწრაფად მივიღეთ. ეს 50-მილიონიანი პაკეტი იყო და დღეის მდგომარეობით, 38 ათასმა იმპორტიორმა ისარგებლა ამ შეღავათით“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაური იურიდიული პირების სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხსაც შეეხო.

„საბანკო სექტორთან თანამშრომლობით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იურიდიული პირებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლითაც დღეის მდგომარეობით ისარგებლა 7000 იურიდიულმა პირმა.

ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს არიან ის კომპანიები, რომლებსაც ყოველდღიური შემოსავალი დაეკარგათ ძალზე მოკლევადიან პერიოდში და აბსოლუტურად მოულოდნელად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.