გიორგი გახარია საქართველოში EUMM-ის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
გიორგი გახარია საქართველოში EUMM-ის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე რეგიონული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების დაკავების ბოლოდროინდელ შემთხვევებს.

„შეხვედრისას, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის ურყევი ნება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გახსნის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

მარეკ შჩიგელმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებული ბრძოლა Covid-19-ის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ლუგარის სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიის საქმიანობა აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდა“, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.