გიორგი გახარია - საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას
გიორგი გახარია - საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას

საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს მთავრობის მეთაური დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები. ფაქტს ასევე გამოეხმაურნენ ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყებები.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).