გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა, მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს თითოეულ ოჯახს
გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა, მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს თითოეულ ოჯახს

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ანტიკრიზისულმა გეგმამ გაამართლა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ვირუსის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არის უამრავი ქვეყანა, რომელიც ვირუსის გამოწვევებს მძიმედ ებრძვის.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ძირითადი მიზანი არის ბრძოლა და გამარჯვება, ორ ფრონტზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენი მოქალაქეებისა, ამასთან, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. ჩვენ, პირველივე ეტაპზე, გამოვაცხადეთ სოციალური დახმარების კონკრეტული გეგმა, რომელიც, როგორც გახსოვთ, მოიცავდა კომუნალური გადასახადების კომპენსირებას სახელმწიფოს მხრიდან. ამ პროგრამით საქართველოს 1.200 მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან ერთად, ჩვენ გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და ეს არის 600 ათასი ჩვენი მოქალაქისთვის ვალის გადავადების კომპონენტი. გარდა ამისა, ეკონომიკური სექტორის ყველაზე დაზარალებული ტურიზმისა და ტურიზმის პირდაპირი მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ეს იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი, თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა, რომ ეს არის ზღვაში წვეთი და ეს ჩვენს მოქალაქეებს ვერ დააკმაყოფილებდა, არ იყო საკმარისი. ამის შემდეგომ დაიწყო სოციალური მხარდაჭერის ფართო პროგრამა, რომელიც ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, რომელმაც სამსახური ოფიციალურად დაკარგა. მათი მხარდაჭერა იყო 1200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში და თვითდასაქმებულების მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყანაში არასდროს არ განხორციელებულა. ჩვენ თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად ერთჯერადად 300 ლარი გამოვყავით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ასევე იყო კონკრეტული მიმართულებების შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამები.

„სულ მალე ნათელი გახდა, რომ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ვამბობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე, ხანგრძლივი კრიზისი და საქართველოს მთავრობა, თავისი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს თითოეულ ქართულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.