გიორგი გახარია - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ზეპარტიული საკითხია, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, ეს ძალზე სახიფათოა
გიორგი გახარია - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ზეპარტიული საკითხია, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, ეს ძალზე სახიფათოა

ავთენტურია ეს მასალები თუ არა, ეს არის ძალზე სახიფათო, რადგან ესენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამის ახსნა საერთოდ შეუძლებელია. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს, – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია უცხოელი დიპლომატების შესაძლო მოსმენის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

„მსგავსი ამბავი პირველ რიგში აზიანებს სახელმწიფოს და სახელმწიფოს ისეთ სისტემურად მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორებიცაა სუს-ი, საგარეო საქმეთა სამინისტრო. აზიანებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ამას ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, ამიტომ აქ არც ოპოზიციის მხრიდან არ შეიძლება ამ მასალების მხოლოდ პოლიტიკური მიზნით გამოყენება. არ შეიძლება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ხომ კარგად გვესმის, რომ ბოლო ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ისედაც უამრავი პრობლემა გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ასეთი მძიმე დამატებითი გართულება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს შორის ურთიერთობას და ჩვენ ყველანი ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ, მიუხედავად პარტიული პოზიციისა, რადგან ეს ზეპარტიული საკითხია. საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ზეპარტიული საკითხი, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა შეთანხმებულია. ამიტომ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი