გიორგი გახარია - საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში
გიორგი გახარია - საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში.

როგორც პრემიერმა ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობად აქციოს.

„მთავრობის მიდგომა არის ძალიან მარტივი. კრიზისი ჩვენთვის უნდა იყოს შესაძლებლობა. კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვებში, მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურირებაში, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება, ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ახლა ისეთ კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში ვმოგზაურობთ, არა, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმა ახალ პროგრამაზე ხელშეკრულება.

„მარტივია, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გააფორმა ახალ პროგრამაზე ხელშეკრულება. ეს რას ნიშნავს – სრული აბსოლუტური ტურბულენტობის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ენდო და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია, ასეთი დარტყმა გადაიტანოს აი, ამ კრიტერიუმებით და ამ პირობებით. ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომელიც გაკეთებული იყო როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების თვალსაზრისით, სოციალური დახმარება, თითოეულ მოქალაქეს ფინანსური დახმარება, ეს ყველაფერი ხომ განხილულია დეტალურად, თითო ლარის დონეზე და საერთაშორისო დონორებისგან და, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო დონორებთან დაასრულა მოლაპარაკება და ქვეყნის მთავრობისთვის, ბიუჯეტისთვის მოიპოვა 1 მილიარდ 500 მლნ დოლარი მხარდაჭერისთვის.

„ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი გაურკვევლობისა და ტურბულენტობის პერიოდში, მსგავს მხარდაჭერაზე თანხმობა და წამოყოლა არის მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ყველას ერთად დამსახურება და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტის სიჯანსაღე. გარდა ამისა, ჩვენ, მთავრობის სახელით, რა თქმა უნდა, ველაპარაკებოდით ყველა დონორს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და კერძო სექტორისთვის მოვიპოვეთ დამატებით 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის დაფინანსება. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული რესურსი ჩვენი ეკონომიკის კერძო ნაწილისთვის იქნება წვდომადი, ნებისმიერი დარგისთვის. ძირითადად, ეს იქნებიან ორგანიზაციები, რომლებსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან გარკვეული ვალდებულებები აქვთ, თუმცა ეს შეიძლება, იყოს საშუალო დონის მეწარმეები, ადგილობრივი წარმოება, რომლებიც დონორების მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამებით უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი