გიორგი გახარია - საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში
გიორგი გახარია - საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ წარმოდგენილი იქნება სოფლისა და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობისა და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, და მეოთხე პრეზენტაცია იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გეგმას მთავრობა უახლოესი ათი დღის განმავლობაში წარმოადგენს.

„ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი დაკავშირებულია ტურიზმთან, ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მძიმე და პირველი დარტყმა კრიზისის გამო. როდესაც საჭირო იყო ცეცხლის ჩაქრობა, ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს. შემდგომ იყო აუცილებელი უფრო ღრმა შესწავლა და შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა გახლავთ საერთოდ, როგორც ბიზნესისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის, ისე თითოეული მოქალაქის სოციალური მხარდაჭერა და ჩვენ გადავდივართ მესამე ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის ცალკეული სექტორების პოსტკრიზისული მართვის და მათი ნელ-ნელა, ეფექტურად ამოქმედების გეგმაზე. ასეთი სექტორები ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს, როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ აუცილებელი იქნება, მხარი დავუჭიროთ სოფელს, ჩვენს ფერმერს, შემდეგი პრეზენტაცია იქნება სწორედ სოფლისა და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობისა და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისა და სტუდენტისგან და მათაც სრულად უნდა იცოდნენ, სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას ჩვენ მივყვებით უახლოესი ათი დღის განმავლობაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო – ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნისა და ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე და არა კრიზისული, რომელზეც ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა და წარმოვადგინეთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და კერძო კომპანიების სოციალური მხარდაჭერის გეგმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.