გიორგი გახარია - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია
გიორგი გახარია - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და მთავრობების მიერ განხორციელებული სავაჭრო რეფორმების საბოლოო ბენეფიციარი.

მისივე თქმით, შედარებით მცირე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბარიერები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცესები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას.

„მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. არასატარიფო ბარიერების მოხსნა, საზღვრის კვეთისა და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება. ხაზგასასმელია, რომ ამ მხრივ, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია, იმპორტირებული საქონლის 80 პროცენტზე მეტი 0 პროცენტიანი იმპორტის გადასახადით იბეგრება, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და მინიმალური არასატარიფო ბარიერები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო, როგორც მხოლოდ 3.7 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, შესაძლოა, ვინმემ არამიმზიდველად მიიჩნიოს.

„თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ და ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის. ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოში თქვენ დაგხვდებათ საინვესტიციო პრეფერენციები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომისთვის, ეს სამომხმარებლო ბაზრების ძირითადი ინფრასტრუქტურა იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც დღეს საქართველოს უკვე აქვს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს.

მისი განმარტებით, ესენია ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე თურქეთთან, უკრაინასთან.

„ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან და ისრაელთან.

შესაბამისად, თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.

დატოვე კომენტარი