გიორგი გახარია - საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას
გიორგი გახარია - საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას

სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებისა და სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის ჩავარდნის შესახებ განუცხადა.

საუბარია აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის მიერ ინიცირებულ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომლის თანახმად, „საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. სენატი ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ღრმავდება, რაც არაერთ სფეროს მოიცავს.

„აქ ასეთ სფეროებზეა საუბარი – თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს აშშ-დან, იქნება ეს კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს. მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველო-ამერიკას შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. დარწმუნებული ვარ, ასეთი პროცესები გაგრძელდება, მაგრამ მსგავს მცდელობებს შესაბამისი პასუხი ექნება – როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოხარულია, როდესაც მისი სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის დემოკრატიზაციას აფასებენ.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. ეს ჩვენს ინტერესშია. რა კითხვის ნიშნებიც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო – ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი კარგად შეიგრძნო და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასება იქნება საქართველოს პარტნიორების მხრიდან, ჩვენ მოხარულები ვართ“, – განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა, სადაც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

დატოვე კომენტარი