გიორგი გახარია - საპოლიციო ძალები დღის განმავლობაში საჭიროების მიხედვით გადაადგილდებიან და გააგრძელებენ საღამოსაც
გიორგი გახარია - საპოლიციო ძალები დღის განმავლობაში საჭიროების მიხედვით გადაადგილდებიან და გააგრძელებენ საღამოსაც

საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით საპოლიციო ძალები დღის განმავლობაში საჭიროების მიხედვით გადაადგილდებიან და გააგრძელებენ საღამოსაც.

შს მინისტრის განცხადებით, პოლიცია იძლევა გარანტიას, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდიც მშვიდად ჩაივლის.

„პირველ ტურში და ახლაც ცალსახად განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანი, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, როგორც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გააგრძელებენ საღამოსაც.

მთავარია, ამ დღემ, ისევე, როგორც წინასაარჩევნომ და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, მშვიდ გარემოში ჩაიაროს, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია.

ჩვენ ველოდებით იმას, რომ შსს და პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ნებისმიერ გამოწვევას“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ მარნეულში მობილიზებული პოლიციელებით, რომლებსაც სპეციალური აღჭურვილობა აქვთ. შს მინისტრის თქმით, ამაში უჩვეულო არაფერია.

„ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც იღებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას. თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მაგალითად მიკროფონი, კამერა. ზუსტად ასე, პოლიციას აქვს აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომელთან ერთადაც ისინი გადაადგილდებიან ერთი რეგიონიდან მეორეში, არაფერი გასაკვირი და უჩვეულო არ არის“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა.