გიორგი გახარია - საგარეო უწყებას მიღებული აქვს დავალება, სრული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დაძაბულობის ზონაში იმყოფებოდეს
გიორგი გახარია - საგარეო უწყებას მიღებული აქვს დავალება, სრული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დაძაბულობის ზონაში იმყოფებოდეს

საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მჭიდრო კავშირშია თავის პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რათა სრულად იყოს გაანალიზებული საფრთხეები, რომელიც შესაძლოა, შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყებას მიღებული აქვს დავალება, სრული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დაძაბულობის ზონაში იყოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო იმ ვითარებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან და დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად, ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა უაღრესად დიდი პრობლემაა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ახლაც უახლოეს კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დღემდე ყურადღებით  ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ფართოდ რეგიონში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს შესაბამისი უწყებები საფრთხეების გასაანალიზებლად პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

„გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავის პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რათა სრულად იყოს გაანალიზებული საფრთხეები, რომელიც შესაძლოა, შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, მისი წარმომადგენლობების – საკონსულოების, საელჩოების საშუალებით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეისაძლოა, დღეს იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული დახმარება აღმოუჩინოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.