გიორგი გახარია - საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნაზე, შესაძლებლობა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ
გიორგი გახარია - საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნაზე, შესაძლებლობა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ

მთავარი მიზანია, არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და დიდ დაფასებას, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენ განგვისაზღვრეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა „კოვიდ-19“-ის გავრცელების თვალსაზრისით.

„ეს არის მიღწევა თითოეული ჩვენი მოქალაქის, ეს არის იმ საერთო, ერთობლივი შრომის შედეგად მიღწევა, რომელიც ჩვენ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ყველამ ერთად გავიარეთ. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა. ეს ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის გამო, ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, არც ერთ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და დიდ დაფასებას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენ განგვისაზღვრეს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს, ასევე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რომ ევროპელი პარტნიორების მიერ განსაზღვრული შესაძლებლობის გონივრულად გამოყენება მოხდეს.

„რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ შეფასებისთვის, იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ. მოგეხსენებათ, სულ 15 ქვეყანაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გონივრულად და ამ შესაძლებლობის გამოყენების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, რამეთუ ვირუსის უკონტროლო გავრცელება რისკის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას უმოკლეს ვადაში. ამიტომ ჩვენი ევროპელი კოლეგების ეს დადგენილება, გადაწყვეტილება, ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე და ეს მუშაობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მუშაობა უნდა იყოს უკიდურესად გონივრული. ბატონო დავით, თქვენ შესაბამისი ქმედებები და ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ გონივრულად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.