გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია აშკარად გამოჩნდა
გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია აშკარად გამოჩნდა

შეიძლება ვინმეს მაღალფარდოვნად მოეჩვენოს, მაგრამ კრიზისული ეტაპის მართვის, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია აშკარად გამოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.

„სხვა შემკვრელი ელემენტი უბრალოდ არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ – მთავრობამ, საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა, ყველამ ერთად გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც ყველამ ერთად შეიძლება გავიმარჯვოთ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გლობალურადაც. ამ პრობლემის აღქმაში, თითოეულ მოქალაქემდე მიტანაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულეს. ცალკეულ რეგიონებში, დახურულ საკარანტინო ზონებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი, ვისაც ჰქონდა მოქმედების სრული თავისუფლება და სამთავრობო გადაწყვეტილებების სწორ კომუნიკაციაში, ახსნაში, მოქალაქემდე მიტანაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა უდიდესი როლი შეასრულეს და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.