გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა არ შეგვიზღუდავს, გარდა კომენდანტის საათისა
გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა არ შეგვიზღუდავს, გარდა კომენდანტის საათისა

საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა არ შეგვიზღუდავს, გარდა კომენდანტის საათისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უაღრესად მადლობელი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების, რომელთა დახმარებითაც უახლოეს პერიოდში სერიოზულ ინვესტიციებს განვახორციელებთ ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ კრიზისს ვუყურებთ, როგორც გრძელვადიანს და ვფიქრობთ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ქვეყანამ გაიაროს ადაპტაცია და ისწავლოს, როგორ უნდა მართოს ეპიდემია. შეიძლება, ამ ეპიდემიამ, ამ ინფექციამ ძალა დაკარგოს ერთ წელიწადში, შეიძლება, ორ წელიწადში, მაგრამ, შეიძლება, ახალი გაჩნდეს. ჩვენს გლობალურ სამყაროში დღეს ვირუსი ხდება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ნორმალური სოციალური ცხოვრების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ა.შ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ფაქტობრივად სრული „ლოკდაუნი“ არ მომხდარა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა მსხვილი ბლოკებით შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, არ შეგვიზღუდავს. ეს არ იყო სრული ლოკდაუნი. ამიტომ ამას თავისი კიდევ უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდა. ჩვენ დღეს ცოტა უფრო წინ მივდივართ და ამ ყველაფერს ასე ვუყურებთ – ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას ნელ-ნელა დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში საარჩევნო წელია. სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული, შეჯიბრებითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. არჩევნები, თვითონ ეპიდემიის პირობებში, საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები საარჩევნო უბანზე უნდა მივიდნენ და თავისი არჩევანი უნდა დააფიქსირონ, ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა არჩევნების გამო ეპიდემიოლოგიური ან ვირუსის გავრცელების რაიმე საფრთხე იყოს მინიმიზებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.