გიორგი გახარია - საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში საკანონმდებლო ჩარჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე თითქმის უკვე მომზადებულია
გიორგი გახარია - საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში საკანონმდებლო ჩარჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე თითქმის უკვე მომზადებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შიდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების ძირითადი, ფუნდამენტური ინსტიტუციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შსს-ში, დღეს, სისტემური განახლების პროცესი გრძელდება და უკვე მიღწეულია გარკვეული შედეგები, რაც ნიშნავს სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს.

„მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ფუნქციების გამიჯვნის თვალსაზრისით, სადაც ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები იყოფა. ეს რეფორმა უკვე დასრულებულია თბილისის, აფხაზეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებში და გრძელდება მისი შემდგომი იმპლემენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სხვა უწყებაში. შექმნილია მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტი. დღეს, საქართველოში არსებობს უკვე 262 მართლწესრიგის ოფიცერი, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებული, საპოლიციო სერვისების ფუნდამენტია. ეს არის პოლიცია, ადამიანური სახით. ეს არის პოლიცია, რომელიც მოქალაქეზე ზრუნავს. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ამასთან ერთად, ეფექტური. საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნის თვალსაზრისით უკვე ბევრი იყო გაკეთებული მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილში. საკანონმდებლო ჩარჩო თითქმის უკვე მომზადებულია, რომელმაც გაიარა ვენეციის კომისიის ფილტრები, რომელმაც მიიღო ეს დადებითი რეკომენდაციების სახით ამ ჩარჩოს იმპლემენტაციის შემდგომი გაგრძელების შესახებ და მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის სისტემური, ფუნდამენტური რეფორმა, რომლის მომზადებას და განხორციელებას წინ უნდა ახლდეს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი გამომძიებლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო კორპუსის გადამზადება, მათი კომპეტენციის ზრდა“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა სერვისების განვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ერთიანი მომსახურების ცენტრზე, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო თბილისში და დღეს უკვე ფუნქციონირებს რუსთავში.

ექსპრესფილიალები უკვე ბევრგან ჩნდება, რადგან ამ პრაქტიკამ გაამართლა და დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, შიდა ქართლში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო 112-ის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაერთიანება, რამაც შექმნა ძალიან ეფექტური დანაყოფი, რომელიც თუნდაც კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, ძალზედ ეხმარებოდა მთელ ამ ინფრასტრუქტურას, ეპიდემიოლოგებს, კონკრეტული ინფიცირებული ადამიანების კავშირების სწრაფად გამოვლენაში. რა თქმა უნდა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ProQa-ს სისტემა, რომელიც არის ყველაზე თანამედროვე ნაბიჯი, დღეს, საგანგებო მდგომარეობის სწრაფი, დისტანციური მართვის ერთადერთი შესაძლებლობა, საუკეთესო პრაქტიკა დასავლეთში, რომელიც ჩვენ უკვე დავნერგეთ და დღეს ხდება უკვე ამ სისტემის სულ უფრო და უფრო მეტად გამოყენება. ინფრასტრუქტურული განახლების თვალსაზრისით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკვე აღარ ჩამოვთვლი, რამდენი ახალი ქვედანაყოფის, შენობის სახით, კონკრეტული ინფრასტრუქტურის სახით გახსნა, განაახლა, გაარემონტა, ან ააშენა. უბრალოდ გამოვყოფ სახანძრო-სამაშველო კორპუსისთვის, სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობის და ზუგდიდში ახალი სამაშველო შენობის მოწყობას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ შენობაში მეც მქონდა რამდენიმე საუბარი. ბოლო პერიოდის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყნის კამერების ინფრასტრუქტურას დაემატა 556 კამერა და დღეის მდგომარეობით, ჯამში, ქვეყანაში, როგორც კრიმინოგენულ, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურას, აკონტროლებს 4 508 ვიდეოკამერა. ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს პოლიციელებს აძლევს იმ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და ეფექტურად მივაღწიოთ მიზანს და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის მოქალაქეების უსაფრთხოება. პოლიციაში გრძელდება ბინათმშენებლობის პროექტები, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ყოველდღიური, მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ და ამაში სახელმწიფო მათ მიეხმაროს“, –  აღნიშნა გიორგი გახარიამ.