გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით, ვპროგნოზირებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ, სწრაფ აღდგენას
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო და დაასრულა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან, რომელმაც შეათანხმა კრიზისში სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ბიუჯეტის ის პარამეტრები, რომელიც პრეზენტაციისას იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ასევე შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან.
„ამ პარამეტრებით, ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკური ზრდის -4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში ჩვენ გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მილიარდი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები, დაახლოებით, 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი, ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი. ეს არის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო ისაუბრებს და წარმოგვიდგენს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით, მთავრობა პროგნოზირებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ, სწრაფ აღდგენას.
„მომავალი წლის ეკონომიკური გეგმა, საპროგნოზო მაჩვენებლები არის ოთხი პროცენტი, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის, რომელიც არის ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, გახლავთ დაახლოებით ექვსი პროცენტი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც უკვე აღვნიშნე, გახლავთ არაპროგნოზირებადობა. ამიტომ, ჩვენ, ყველანი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის მოულოდნელი გამოწვევებისთვის. სწორედ ეს გვკარნახობს ჩვენ, რომ რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მწირი რესურსი, იყოს ძალიან ფრთხილად გამოყენებული, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად.
ეს არის ძირითადი პრინციპები, როდესაც მაგალითად მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩვენს მოქალაქეებზე გავანაწილეთ ექვს თვეზე და არ მივეცით ერთჯერადად და კიდევ ბევრი მსგავსი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რომელიც განპირობებული იყო, სწორედ ამ დიდი გამოწვევით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.