გიორგი გახარია - საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წერილების გზავნა ჩვენც კარგად ვიცით, რომელიც დაადასტურებს, თუ ვინ, სად და რატომ ჩაიდინა
გიორგი გახარია - საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წერილების გზავნა ჩვენც კარგად ვიცით, რომელიც დაადასტურებს, თუ ვინ, სად და რატომ ჩაიდინა

ახალქალაქის ინციდენტზე, რომელიც მართლაც მძიმე ინციდენტი იყო, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია ხუთ ადამიანზე და ეს პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საარჩევნო პერიოდში ინციდენტებთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის დევნა 26 პირზე და ამ ხალხის დიდი ნაწილი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი.

„ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მესმის ყველაფერი, როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო პერიოდში ინციდენტების შესახებ, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კომპეტენცია. სრულად ვაგებ პასუხს იმ ნაწილზე, რომელიც შსს-ს კომპეტენციას შეეხება და შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ძალადობრივი დანაშაულები და ქმედებები, რომელიც იყო არჩევნების პერიოდში, შსს-მ დაიწყო გამოძიება. დაწყებულია სისხლის სამართლის დევნა 26 პირზე და სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ამ ხალხის არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი. რეალურად როდესაც ვსაუბრობთ რაღაც შერჩევითობაზე, მე ახლა ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო კონტექსტზე, ძალადობრივ დანაშაულზე, ამას უბრალოდ საფუძველი არ აქვს. ან უნდა გვითხრათ კონკრეტული შემთხვევები და მიგვითითოთ, შეიძლება რაღაცა გამოგვეპარა და აქაც ვერ ვხედავთ ჩვენ რაღაც დიდ პრობლემას. მიგვიღია ეს კრიტიკა ერთხელ და ორჯერ, კიდევ ერთხელ მივიღებთ, წავალთ, გადავამოწმებთ, ოღონდ ისე არა, რომ თურმე ეს ყოფილა ერთ წლის უკან ჩაწერილი საუბარი ორ პერსონას შორის და ეს განსჯის საგანი ვერ გახდება”, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ახალქალაქის ინციდენტს, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია ხუთ ადამიანზე და ეს პროცესი გრძელდება.

„მესმის ოპოზიციის პოზიცია, თუმცა ჩვენც კარგად გვესმის როდის, სად, საერთაშორისო დონეზე რა სახის განხილვები დაიწყება ჩვენი არჩევნების საბოლოო შეფასებების კენჭისყრამდე. გარწმუნებთ, რომ ამ პერიოდამდე ყველა საქმე, რომლის დასრულებაც შესაძლებელია, შესაძლებელი იქნება და წერილების გზავნა ჩვენც კარგად ვიცით. ჩვენც კარგად გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში იმ წერილებს, რომელიც დაადასტურებს, თუ სად, როგორ და რატომ, ვინ რა ჩაიდინა, ვინ იყო დასჯილი, ვინ არ იყო დასჯილი, რომელი საქმე დასრულდა. თუ კიდევ რაიმე დეზინფორმაცია ექნება ამ ხალხს, ვეცდებით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ რეალობას შეესაბამება. ახალქალაქის საქმეში იყო შეკითხვა, რომ ეს ქმედება იყო პროვოცირებული, დიახ, იქ იყო პროვოცირების კომპონენტი, თუმცა ის ორი ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით მსჯავრდებული და ეს საქმე სულ მალე დასრულდება”, – განაცხადა გახარიამ.