გიორგი გახარია - რთველის განმავლობაში წელს სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული ჩარევა მოუწია, რაც გამოსასწორებელია
გიორგი გახარია - რთველის განმავლობაში წელს სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული ჩარევა მოუწია, რაც გამოსასწორებელია

ბიზნესთან შეხვედრებს ვაგრძელებთ, უახლოეს პერიოდში გვექნება სამშენებლო სექტორთან შეხვედრა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მეღვინეობა-მევენახეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს საინტერესო შეხვედრა შედგა. საუბარი შეეხო ბევრ თემას, მათ შორის ლაბორატორიებისა და ჰიბრიდული ჯიშების პრობლემას.

„ვისაუბრეთ  იმაზე, როგორ დავეხმაროთ გლეხებს, რომ ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ. რთველის განმავლობაში, წელს მაგალითად სახელმწიფოს საკმაოდ სერიოზული ჩართვა და ჩარევა მოუწია, რაც გამოსასწორებელია. ასევე რეგულირებებზე, რომლებმაც ვერტიკალურად ინტეგრირებული ჯაჭვი უნდა დაარეგულირონ. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი და რეპუტაცია იწყება იმ გლეხის შრომიდან, რომელსაც მოჰყავს ყურძენი. ამიტომ რეგულირებები და თამაშის წესები ვერტიკალურად ინტეგრირებულ ჯაჭვში მიწიდან დაწყებული, საბოლოო პროდუქტამდე ძალზედ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამ ხალხს სერიოზული წვლილი შეაქვს ქვეყნის ექსპორტშიც და, რა თქმა უნდა, ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ხარისხთან დაკავშირებით ნებისმიერი კომპრომისი მიუღებელია.

„ამ თამაშის წესებზე ჩვენ პრაქტიკულად შევთანხმდით, თუმცა არის გარკვეული ასე ვთქვათ, ჩავარდნები ინსტრუმენტებში, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. მოგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე გავიდა საკითხი და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო შესაძლებლობა, დაახლოებით 1 მილიონ 800 ათასი დახარჯოს იზოტოპური ლაბორატორიის ინსტურმენტების შესაძენად, რაც ერთმნიშვნელოვნად მოგვცემს საშუალებას, ხარისხის კონტროლი გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.