გიორგი გახარია - რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკი გამოჩნდა და როგორია დღეს, ეს არის ცა და დედამიწა
გიორგი გახარია - რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკი გამოჩნდა და როგორია დღეს, ეს არის ცა და დედამიწა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის სისტემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული.

„ჩვენ რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკი გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაშია დღეს, ეს არის ცა და დედამიწა.

დღეს ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვის, როგორ ეფექტურად შევძლებთ ეკონომიკის გახსნას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, გლობალური კონკურენცია განვითარდება სწორედ ამ სივრცეში, ეკონომიკურ სივრცეში; მისივე განცხადებით, საბოლოო გამარჯვებულები პანდემიასთან ბრძოლაში იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ როგორც ჯანმრთელობის დაცვას თავიანთი მოქალაქეების, ასევე ეკონომიკის აღორძინებას.

„ამიტომ, ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემა“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს.

„უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათ სწრაფ რეაგირებას ამ პროცესში, კონკრეტული ინფიცირებულის წყაროს დადგენაში, შემდეგ მისი გავრცელების, კავშირების, შემდეგ მათ ტესტირებას. ეს იყო უაღრესად რთული პროცესი და ამაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა, არამედ სამართალდამცავი ორგანოებიც შესაბამის დახმარებას უწევდნენ.

აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ბრძოლაში პირველი დარტყმა მიიღო სახელმწიფო ინფექციური საავადმყოფოების იმ ქსელმა, რომელიც იყო თბილისში ქუთაისში და ბათუმში. ძალზე სწრაფად აეწყო, გადაეწყო ინფექციური საავადმყოფოს ყაიდაზე რუხის კლინიკა და ბათუმის ინფექციური“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი