გიორგი გახარია - როგორც კი კრიზისი დაიწყო, ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, არავინ იყო მზად, ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, როდემდე გაგრძელდებოდა კრიზისი, დღესაც არავინაა ამისთვის მზად
გიორგი გახარია - როგორც კი კრიზისი დაიწყო, ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, არავინ იყო მზად, ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, როდემდე გაგრძელდებოდა კრიზისი, დღესაც არავინაა ამისთვის მზად

როგორც კი კრიზისი დაიწყო, ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, არავინ იყო მზად იმისთვის, ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, როდემდე გაგრძელდება ეს კრიზისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა,

მისი თქმით, პანდემიის პირობებში მთავრობა პირველ რიგში აუცილებელი ელემენტარული ღონისძიებებით დაეხმარა სასტუმრო ინდუსტრიას და ტურიზმის სფეროს.

„ჩვენ, როგორც კი ეს კრიზისი დაიწყო, რა თქმა უნდა, ესეთი ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით. არავინ იყო მზად იმისთვის, ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, ეს კრიზისი როდემდე გაგრძელდება. დღესაც არავინ არ არის ამისთვის მზად, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე, რაღაც იმედის მომცემი მონაცემები, ციფრები გვაქვს. პირველი, რაც გავაკეთეთ, ვეცადეთ, ცეცხლი ჩაგვექრო ელემენტარულად და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ რიგში დახმარება დასჭირდებოდა, კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ, ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ ახლა როგორც ჩამოვყალიბდით, ვხედავთ, რომ ეს სასაცილოა, საკმარისი არ არის, ეს ყველას კარგად გვესმის, უკვე ისე განვითარდა კრიზისული პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

მან იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობამ ამის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიის დასახმარებლად გადადგა.

„ინდუსტრია 2020 წლის განმავლობაში ქონების გადასახადიდან სრულად იქნება გათავისუფლებული; გავზარდეთ სასტუმროების რაოდენობა, რომლებსაც სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ, ეს აღარ იქნება 50 ნომრამდე, ეს იქნება სასტუმროები, რომლების ბრუნვაც არის 20 მილიონამდე. დანარჩენი, სასტუმროები უფრო სხვანაირად სტრუქტურირებული ბიზნესებია და ამიტომ იქ, ამის არც საშუალება არის და არც აუცილებლობა. რა თქმა უნდა, საშემოსავლო გადასახადით მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი იყო ტურიზმის ინდუსტრიის ტუროპერატორები, რომლებსაც უკვე გარკვეული ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული ბლოკებად, პირველ რიგში, გადაზიდვებზეა საუბარი, მათაც პროცენტის დაფინანსების ნაწილში მივეხმარებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ცალკე საკითხია გიდების თემა და მათთვისაც გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები.

„გიდები ცალკე საკითხია, დიდი სოციუმია, ასევე მნიშვნელოვანი და მათთვისაც გარკვეული ნაბიჯები გვექნება გარდა ფინანსური დახმარებისა, მათი უფრო მეტად სტრუქტურირების თვალსაზრისით, რომ მათი საქმიანობა ცოტა უფრო ეფექტიანი, მოწესრიგებული და შედეგიანი იყოს ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.