გიორგი გახარია - რიკოთის საუღელტეხილო გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავალს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას და ამ რეგიონში მცხოვრებლებს
გიორგი გახარია - რიკოთის საუღელტეხილო გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავალს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას და ამ რეგიონში მცხოვრებლებს

საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი. მიუხედავად გლობალური პანდემიისა ამ პროექტზე მშენებლობა არც ერთი დღით არ შეჩერებულა და ეს იყო ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერდეს, მათი მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალზედ სერიოზული დასაბუთება, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ქვეყნის ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაური დღეს რიკოზე ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პროექტი სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს, მაღალი მობილობა კი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ნიშნავს.

„ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორი, საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით აერთებს ევროპას ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, გლობალური საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ესაა პროექტი, სადაც დასაქმებულია 5 000 ადგილობრივი მოსახლე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს, ისწავლოს და დამატებითი კომპეტენცია შეიძინოს, რომელსაც შემდეგ მოახმარს ქართულ სამშენებლო კომპანიებს. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ესაა უაღრესად შთამბეჭდავი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს. მაღალი მობილობა – ეს არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების პირობებში ქვეყანაში დამატებითი კომპეტენცია დარჩება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მასშტაბური პროექტები ქართულმა კომპანიებმა აითვისონ.

„დღეს, ეს მონაკვეთი წარმოადგენს დაახლოებთ 96 გვირაბს და 54 ხიდს. ეს ნიშნავს, რომ ეს მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი იქნება ძირითადად ინჟინერული გზა, რომლის უდიდესი მნიშვნელობა არის, რომ ჩვენ, ამ პროექტის განხორციელების პირობებში, დამატებითი კომპეტენცია დავტოვოთ ქვეყანაში, რათა მომავალში, როდესაც ქვეყანა მზად იქნება მსგავსი პროექტებისთვის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დახარჯოს, ეს პროექტები შეასრულონ ქართულად კომპანიებმა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის შემდგომ, დამატებით, უნდა დავიწყოთ ამ პროექტის გაგრძელება წითელ ხიდამდე, უნდა იყოს მცხეთა-ლარსის დამაკავშირებელი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროექტების ათვისება შეძლონ ქართულმა კომპანიებმა,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.