გიორგი გახარია - რეგიონში ერთმნიშვნელოვნად პირველი ვიქნებით, ვინც ეფექტურად გახსნის ტურიზმსაც
გიორგი გახარია - რეგიონში ერთმნიშვნელოვნად პირველი ვიქნებით, ვინც ეფექტურად გახსნის ტურიზმსაც

მიუხედავად იმისა, რომ მეც, მთავრობაც სულ უფრო და უფრო მეტს ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურად საქართველოზე ძლიერ ქვეყანებში ეკონომიკის გახსნას როგორც კი იწყებენ, ინფიცირებულების რაოდენობა მაშინვე იზრდება და საქართველოც ამისთვის მზად უნდა იყოს.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი, რადგან ის, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, მეზობლებში, ის, რაც ხდება ბევრ ეკონომიკურად ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყანაში, რომ ეკონომიკის გახსნას როგორც კი იწყებენ, ინფიცირებულების რაოდენობა პროპორციულად ეზრდებათ სწრაფად. ზუსტად იგივე შემთხვევაა ისრაელშიც. როგორც კი ცოტა გახსნეს, როდენობა ოდნავ გაეზარდათ. ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველას ამოცანა არის ძალიან გასაგები, გონივრული, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც ავამუშაოთ, წარმოებებიც ავამუშაოთ, რესტორნებიც ავამუშაოთ და ყველაფერი ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ. ეს არის ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ტექნიკურ დონეზე დღეს ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს, ვინ არის ხარისხით მზად, როგორც კი გაიხსნება, მიიღოს ტურისტები.

„პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. დღეს ფაქტია, რომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი, სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი ან ბებიასთან – ეს არა. ესეც ტურიზმია, შიდა ტურიზმი და ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ და შემდგომ, მზად უნდა ვიყოთ, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველაფერი უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად უნდა გაკეთდეს. რაც რთული, მაგრამ შესაძლებელია.

„ჩვენ შეიძლება, ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად ვიქნებით პირველი, ვინც ეფექტურად გახსნის, ტურიზმზე ვსაუბრობ, თორემ ეკონომიკური ნაწილი ჩვენ ბევრზე უკეთ და სწრაფად გავხსენით, საუბარია ტურიზმზე. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ვიყოთ ამასთან ერთად, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს. უნდა გავიაროთ ყველა სახის ადაპტაცია, რათა მივეჩვიოთ, სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებული ადამიანი, სწრაფად ვუმკურნალოთ. ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციური საავადმყოფოა და საერთოდ ჯანდაცვის სისტემა აქ ყოველთვის ძლიერი იყო, დასავლეთ საქართველოს აქედან ვფარავდით. ამიტომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავუბრუნოთ, პირველ რიგში, ოჯახსა და სამსახურს, რომ ადამიანს შემოსავალი ჰქონდეს და ელემენტარულად ოჯახის რჩენა შეძლოს“, – განცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი