გიორგი გახარია - რაც შევძელით ინფექციისა და ეპიდემიის გავრცელების რისკის მართვაში, ნელ-ნელა უნდა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში
გიორგი გახარია - რაც შევძელით ინფექციისა და ეპიდემიის გავრცელების რისკის მართვაში, ნელ-ნელა უნდა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში

რაც შევძელით ინფექციისა და ეპიდემიის გავრცელების რისკის მართვაში, ნელ-ნელა კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში უნდა გადავთარგმნოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი კი, ჩამოსული ტურისტების რაოდენობა იქნება.

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, შემდგომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ახლა, რომ ის, რაც შევძელით ინფექციისა და ეპიდემიის გავრცელების რისკის მართვაში, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, როგორ დაიცავთ თქვენ ამ წესებს და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და „კოვიდის“ თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად.  ეს ხომ არ ეხება მხოლოდ სასტუმროებს. ეს ეხება რესტორნებს, ეს ეხება ტრანსპორტს, ბევრ სექტორს, განსაკუთრებით იმერეთში, სადაც ადამიანები უფრო მოგზაურობენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ტურიზმის ნაწილს, პრემიერის თქმით, სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით, ბევრი მუშაობაა საჭირო, თუმცა ვირუსი არავის უნდა დაავიწყდეს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ერთადერთი შესაძლებლობა არის, რომ ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც გამარჯვების, ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც წარმატების შესაძლებლობა ამ ქვეყნისთვის. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ დავიზღვიოთ უპირველესად ჩვენი თავი, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი ხანდაზმულები და რა თქმა უნდა, სტუმრებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.