გიორგი გახარია - პანკისში პოლიციის შესვლის მიზანი იყო, არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, ხოლო პოლიციამ ღირსეულად შეასრულა ფუნქცია, აგრესია მიიღო თავის თავზე
გიორგი გახარია - პანკისში პოლიციის შესვლის მიზანი იყო, არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, ხოლო პოლიციამ ღირსეულად შეასრულა ფუნქცია, აგრესია მიიღო თავის თავზე

ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგის საკითხი არის ყველანაირ პარტიულ ინტერესზე უფრო მაღალი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„ქვეყნის უსაფრთხოების, მართლწესრიგის საკითხი არის ყველანაირ პარტიულ ინტერესზე უფრო მაღალი. როდესაც ისეთ სათუთ თემებს, როგორიც არის მაგალითად  პანკისი, ვიყენებთ პოლიტიკური ტემპერატურის, პოლიტიკური ქულების ან სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: როდესაც ჩვეულებრივი სოციალური პროტესტი, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, იძენს ისეთ განმარტებებს, რომელიც შეიძინა აქ, ეს არის სამწუხარო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შედეგი, რომელიც დადგა პანკისის ხეობაში განვითარებული პროცესებით, არის ცუდი.

„ჰესის მშენებლობაზე, რომელზეც გაცემული იყო ნებართვა დაახლოებით ორი თუ სამი წლის წინ და ეს ნებართვა შეჩერებული იყო წელიწადნახევრის წინ, გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ეს იყო სხვადასხვა უწყებების კომპეტენციის ფარგლებში მუშაობა – შსს, ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კიდევ ბევრი სხვა სამინისტრო. როგორც ჩანს, ამ შეფასებებში რაღაც მომენტში შეცდომა იყო დაშვებული, გაპარული იყო რაღაც, არასრულად იყო გაწეული ეს სამუშაო. შესაძლებელია, არასაკმარისი კოორდინაციაც იყო და ფაქტობრივად შედეგად მივიღეთ ის, რაც არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვნად ვინმემ შეაფასოს, რომ ეს იყო კარგი შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ცუდი შედეგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მომენტში, რაც პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთოდ არ აინტერესებს, ჰესზეა იქ საუბარი თუ გზის მშენებლობაზე, ჰესს ან გზას სახელმწიფო აშენებს, თუ ვინმე სხვა. ჩვენ გვეკისრება ვალდებულება მართლწესრიგის დაცვის და არა სადმე სპეცრაზმით შევარდნის. ერთი რამ მინდა გითხრათ  – იქ სპეცრაზმი საერთოდ არ ყოფილა, ეს საერთოდ არ ყოფილა სპეცოპერაცია. 21 აპრილს, დილით, დაახლოებით სადღაც რვის ნახევარზე, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 პოლიციელი შევიდა იმ ლოკაციაზე, ამის ყველა კადრიც არსებობს და შესაბამისად ყველაფერი, რაც შემდგომ მოხდა, ეს იყო რეაქცია. ამ ღონისძიებაში,  როდესაც იყო გამოვლენილი აგრესია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, გამოძახებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა ძალები. ეს არ არის სპეცრაზმი, ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის თქმითაც პანკისში პოლიციის შესვლის მიზანი იყო, არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. პოლიციამ ღირსეულად შეასრულა ფუნქცია და აგრესია მიიღო თავის თავზე.