გიორგი გახარია - ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში
გიორგი გახარია - ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში

ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა.

„მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ის პრიორიტეტები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იყო სწორი. სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე, იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება შტურმი შეგვიფასონ გამოხატვის თავისუფლებად. ეს უბრალოდ არ უნდა დავუშვათ. არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, როდესაც პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, ხდება ის, რომ ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მისი ინიციატივით და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის პროპორციული სისტემა, რომლის მიმართულებითაც ეს ქვეყანა მიდიოდა ათწლეულები, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედა. ეს პირდაპირ ნიშნავს პირველ გადადგმულ ნაბიჯს კოალიციური მთავრობისკენ, დემოკრატიული ხარისხის ზრდისკენ. ეს ნიშნავს ღია კარს პოლიტიკაში ყველასთვის, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში. აქ სად არის სიმართლე? ისევე როგორც მათი გაგებით ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება თურმე ბოროტებაა. ეს არის უბრალოდ ზემოქმედება ადამიანზე. ეს არის ჩვეულებრივი რევანშის მომზადება და ჩვენ წყნარად, მშვიდად ამას ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ ყოველდღიური ქმედება მართალი, სამართლიანი მოპყრობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ერთი ძირითადი კომპონენტი“,- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა კეთილსინდისიერი, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი მოხელე უნდა იყოს დაფასებული.

„მეორე, ეფექტურობა. რა თქმა უნდა, არ არის ყველაფერი კარგად, რა თქმა უნდა არის უამრავი პრობლემა, გვაქვს სიღარიბის მაღალი დონე, გვაქვს უამრავი გამოწვევები უსაფრთხოების თავლსაზრისით. გვაქვს ინფრასტრუქტურული, სოციალური დახმარების პრობლემები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი საჯარო მოხელე ჩვენი ბიუროკრატია უნდა იყოს პირველ რიგში ეფექტური, სწრაფი, გონივრულ და გაზომვად ვადაში და კეთილსინდისიერი. ეს სიმართლე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პირველ რიგში ჩვენს კოლეგებთან და ჩვენს ბიუროკრატიასთან სასაუბროდ. ეს მაგალითი უნდა ვანახოთ ყველას. მაგრამ ყველა კეთილსინდისიერი, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი მოხელე უნდა იყოს დაფასებული და ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს პოლიტიკური პლატფორმიდან მის ბულინგს. დიახაც, მე ამ ადამიანებს დავუჭერ მხარს და ვიქნები მათი ლობისტი ისევე, როგორც ვიყავი და დავრჩები ყველა ღირსეული და კეთილსინდისიერი პოლიციელის ლობისტად. ეს არის სახელმწიფო და ვფიქრობ, ეს არის ყველა ნორმალური ადამიანის და პოლიტიკოსის მისია და ფუნქცია“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.