გიორგი გახარია - ქველმოქმედებაზე შეტევა არის უსამართლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩვენს ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა
ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
გახარიას თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი.
„ამ დროს, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია და უფრო მეტსაც გეტყვით – ეს არის ის მცდელობა ამოტრიალებული რეალობის, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით რა უნდა დავარქვათ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – ეს არის უსამართლობა, ეს არის მიუღებელი, მაშინ განსაკუთრებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დახარჯა და დღეს ქვეყანას და საგანმანათლებლო სისტემას ეხმარება იმაში, რომ ევროპული, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შევქმნათ მომავალი თაობისათვის.
ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს არ არის რაღაც ჰაერიდან მოტანილი ციფრები – სამ მილიარდ დოლარზე მეტია ქველმოქმედებაში დახარჯული და შეუძლებელია, როდესაც ქველმოქმედების აქტზე ხდება პოლიტიკური შეტევა, უბრალოდ, გაურკვეველია და უსამართლოა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.