გიორგი გახარია - ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი მიზიდულობის ძალა ექნება
გიორგი გახარია - ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი მიზიდულობის ძალა ექნება

აქ იყო ჭაობი და ახლა რასაც ვხედავთ, უაღრესად შთამბეჭდავია, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც დღეს იმყოფებოდა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკრენციას ჩვენმა შვილებმა გაუძლონ. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხელისუფლების. ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა. მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინიციატივაა, ამას დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც 40 მილიონ დოლარს დაამატებს ამ ინვესტიციას. ეს კოლაიდერი კიდევ დამატებით ფუნქციას შესძენს უნივერსიტეტს. დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ ქართველები, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი ისწავლის აქ. ამ უნივერსიტეტის ნიშა ასევე არის ერთობლივი კურსები მსოფლიოს უნივერსიტეტებთან. ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი და დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მეტი მიზიდულობის ძალა ექნება“, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი