გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ ბოსები მედიის თავისუფლების მიღწევასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რადგან არიან შეშინებულები, დამფრთხლები და სხვა გზა არ აქვთ
გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ ბოსები მედიის თავისუფლების მიღწევასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რადგან არიან შეშინებულები, დამფრთხლები და სხვა გზა არ აქვთ

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამბავი სრული ტყუილია, რომელიც „ოცნების“ დღევანდელმა ბოსებმა შეთხზეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ტყუილებით ცდილობს, პოზიციები გაიმყაროს.

„რაც შეეხება სააკაშვილის ამბავს, სრული ტყუილია. „ოცნების“ დღევანდელმა ბოსებმა შეთხზეს ეს ისტორია, შემდგომ, ერთი ტელევიზიის საშუალებით, რომელიც იქ დარაჯობდა,  გაავრცელეს. მერე ეს აიტაცა მეორე ტელევიზიამ და შექმნეს ტყუილზე დაფუძნებული ფეიკნიუსი. სამწუხაროა, რომ ძალზე პატივსაცემი ტელევიზიები, რომლებსაც ძალიან დიდი დაფარვა აქვთ და, სადაც უაღრესად ბევრი კარგი, პატიოსანი ჟურნალისტი მუშაობს, იციან, რომ ფეიკია და მას ავრცელებენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო და დღესაც არის თავისუფალი მედია. დღეს, რასაც აკეთებენ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსები, ამ მიღწევასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ისე არიან შეშინებულები, დამფრთხლები, სხვა გზა არ აქვთ. ტყუილებით ცდილობენ, პოზიციები გაიმყარონ თავისივე მომხრეებში. ჩვენ იქ არანაირი გადაკვეთა არ გვქონია“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კატეგორიულად გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს.

„მინდა, აბსოლუტურად ღიად, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არანაირ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობასთან“ არ განიხილავს და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი