გიორგი გახარია - დემოკრატიზაციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ოპოზიცია სიურეალისტურ იდეებს ავითარებს, ზოგს პარლამენტში შეჭრა უნდა, ზოგს კიდევ რაღაცნაირად ხელისუფლების ცვლილება
გიორგი გახარია - დემოკრატიზაციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ოპოზიცია სიურეალისტურ იდეებს ავითარებს, ზოგს პარლამენტში შეჭრა უნდა, ზოგს კიდევ რაღაცნაირად ხელისუფლების ცვლილება

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყნის პარტიული სისტემა უაღრესად დისკრედიტებულია, როდესაც ახალგაზრდებს უბრალოდ პარტიაში გაწევრიანება არ უნდათ. მისივე თქმით, საჭიროა, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს სოციალურად მნიშვნელოვან ყველა სფეროში ჩართული.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყოველთვის მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება. ოპოზიცია სიურეალისტურ იდეებს ავითარებს. ზოგს პარლამენტში შეჭრა უნდა, ზოგს კიდევ რაღაცნაირად ხელისუფლების ცვლილება. ჩემთვის ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ცვლილების ყველაზე სწრაფი, მე არ ვამბობ, ყველაზე უმტკივნეულო, ყველაზე სწრაფი გზა. ეს არის შესაძლებლობა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკური ველი გაიხსნას და მაქსიმალური რაოდენობა ახალგაზრდები, ახალი თაობა შემოვიდეს და სულ ერთი და იმავე სახეებს არ ვუყურებდეთ პოლიტიკაში. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა. ქვეყნის პარტიული სისტემა უაღრესად დისკრედიტებულია, როდესაც ახალგაზრდებს უბრალოდ პარტიაში გაწევრიანება არ უნდათ და საერთოდ არანაირი კავშირი არ უნდათ, რომ პარტიასთან ჰქონდეთ. რეალურად, პერსონალურად ჩემთვის, საარჩევნო სისტემა არის პირდაპირი საშუალება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტები და შემდგომ უკვე სხვა ყველა ელიტების ცვლილება ნელ-ნელა უნდა დაიწყოს. გავიდა 30 წელი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან და საჭიროა, რომ მეტი ახალგაზრდობა იყოს ჩართული სოციალურად მნიშვნელოვანი ყველა სფეროს მიმართულებით. მე ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.