გიორგი გახარია - პრობლემაა, რომ შსს-ს გამომძიებელი ფაქტობრივად, სრულად დამოკიდებულია უფროს პროკურორზე
გიორგი გახარია - პრობლემაა, რომ შსს-ს გამომძიებელი ფაქტობრივად, სრულად დამოკიდებულია უფროს პროკურორზე

პრობლემაა, რომ შსს-ს გამომძიებელი ფაქტობრივად, სრულად დამოკიდებულია უფროს პროკურორზე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში. მე ვსაუბრობ ახლა, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნაც, რამეთუ, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი, ფაქტობრივად სრულად დამოკიდებული არის საპროკურორო საქმიანობაზე, უფროს პროკურორზე. ამ ნაწილში ეს არის ერთობლივი პრობლემა, რომელიც შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რამეთუ შეუძლებელია პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ზრდა, იქ სადაც უფლებამოსილების ნაწილი არ იქნება უფრო თავისუფალი და უფრო დამოუკიდებელი. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმებზე, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ ამ უფლებამოსილების გადანაწილებაზეც, როგორც პრაქტიკულ დონეზე, ასევე, საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე კონფერენცია დღეს გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.