გიორგი გახარია - პოლიტიკური პოპულიზმია, გაჭირვებულ ხალხს რომ ეუბნებით, სახელმწიფოს საპენსიო ფონდის 772 მილიონი აქვს და არ გაძლევთო, საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი
გიორგი გახარია - პოლიტიკური პოპულიზმია, გაჭირვებულ ხალხს რომ ეუბნებით, სახელმწიფოს საპენსიო ფონდის 772 მილიონი აქვს და არ გაძლევთო, საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი

საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ეს თქვენც იცით და მეც ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, პოლიტიკური პოპულიზმია იმის თქმა, რომ სახელმწიფოს საპენსიო ფონდის 772 მილიონი აქვს და არ გასცემს. მისი თქმით, საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი.

„ძალიან კარგად მახსოვს, საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა რომ მიდიოდა, მაშინ ეკონომიკის სამინისტროსა და ახალ სამინისტროში გადასვლის პროცესში ვიყავი, დაწერის პროცესში აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული.

თქვენ, კონკრეტულად ვერ ვამბობ, ყოველთვის გქონდათ პოზიცია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან პირველ კრიზისში მთავრობა მიადგება, ამ საპენსიო ფონდს დახარჯავს და ხალხნო, პრობლემა იქნება იმაში, ახლა ფულს აგროვებენ, კრიზისი როგორც კი დადგება, მთავრობა მერე ამ ყულაბას გახსნის, გამოიტანს და ხარჯვას დაიწყებსო. ეს იყო ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელსაც თქვენ ამბობდით.

ახლა, რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს ფული ახლა უფასურდება და დოლარიც თქვით მე მგონი, იმდენი იყო და ახლა ამდენიაო. რომ იცოდეთ, ისე, საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსებით ახლა არის 14 პროცენტი. კურსთა შორის შედარება საპენსიო ფონდის, გადაყვანა უცხოურ ვალუტაში ეკონომიკურად საერთოდ ნონსენსია, რადგან ჩვენ ლარის სივრცეში ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ხელფასსაც ლარში ვიღებთ, არა დოლარში. ამიტომ, საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი. ვერასოდეს ვერავინ საპენსიო ფონდს ვერ შეეხება და ეს უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დადგენილი წესი, რადგან ამ ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ რეზერვები დააგროვოს ათობით მილიარდობით, რომელიც იქნება გარანტია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ხანდაზმულობის პირობებში, მსგავსი ტურბულენტური კრიზისების დროს, ელემენტარული დაცულობა რომ ჰქონდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარია აღნიშნავს, რომ კანონი მიღებულია ამ პარლამენტის მიერ და ფონდში დაგროვებული 772 მლნ. ლარი არის მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული.

„ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ მჭირდება, გამიგეთ? და თქვენ როდესაც მომიწოდებთ, პოპულისტურად, თქვენ რას აკეთებთ ახლა, იცით? რა არ „მოსულა“, პირდაპირ გეუბნებით. თქვენ ადამიანებს ეუბნებით, ხალხნო, თქვენი ფული, 772 მილიონი სახელმწიფოს აგერ, უდევს და არ ხარჯავსო; თქვენ რომ დღეს კრიზისში ხართ და სამსახურები დაკარგეთ, არ გაძლევთო. მაშინ არ ეუბნებით, რომ ამ ფულის დაგროვებაში სახელმწიფოს გარდა და მათი ფულის გარდა, კომპანიების ფულიც არის, სახელმწიფოს ფულიც არის და ეს არის ქვეყნის ფინანსური მდგრადობის და ამ ქვეყანას, სოციალურად პენსიაზე ადამიანები რომ გავიდნენ, სხვა რეზერვი არ აქვ. თქვენ დღეს მე მეუბნებით, როდესაც მე კრიზისის სიღრმესაც ვერ ვაფასებ, არ ვიცი, სამ თვეში რა იქნება, ექვს თვეში რა იქნება, მეუბნებით, რომ დღეს ეს ფული გამოვიყენო და ამას ხალხს ეუბნებით, გაჭირვებულ ხალხს. ნუ, პოლიტიკური პოპულიზმია ახლა ეს.

ბატონმა წერეთელმა ბრძანა, ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ამხელა ჯარიმები იყო დაწესებულიო. გავიგე, პოლიტიკური პროცესია, არჩევნებია; გავიგე, არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ახლა მე რომ გპასუხობთ, იგივე უფლებები მაქვს მე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანაში დღეს, როდესაც ბეწვის ხიდზე მივდივართ, როდესაც აქეთ გვაქვს პანდემია, რომელიც არ დამთავრებულა, იქეთ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები, აგერ გვაქვს პოლიტიკური პროცესი ხომ? ახლა რომ გამოდიხართ და ადამიანებს ეუბნებით, რომ 772 მლნ ლარი თქვენი ფულია დაგროვებული და ამას ახლა მთავრობა თქვენ არ გაძლევთო. მე ვთვლი, რომ არასამართლიანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი, უპასუხისმგებლობა იქნება ადამიანების პოლიტიკური და მით უმეტეს პოლიტიკოსების მოწოდება, რომ საპენსიო ფონდი დაიხარჯოს მიმდინარე ხარჯებში. ეს არ არის სწორი. არც ერთ ქვეყანას მსგავსი სისულელე, ბოდიში, არც მოუმოქმედია, არც უქნია და საერთოდ, მოწოდებაც არ ყოფილა მსგავსი, რომ საპენსიო ფონდები გავხსნათ და დავხარჯოთ ეს ფულიო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.