გიორგი გახარია - პოლიციელებს, ჯარისკაცებს სახელმწიფო გვერდში დაუდგება, ყოველთვის ბოლომდე დაიცავს
გიორგი გახარია - პოლიციელებს, ჯარისკაცებს სახელმწიფო გვერდში დაუდგება, ყოველთვის ბოლომდე დაიცავს

შინდისში მოსვლა მაინცდამაინც დღეს იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ემოციური და აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი რამ ითქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც 2008 წელს აქ სიცოცხლეს სწირავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შინდისში განაცხადა, სადაც შინდისის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო გვერდში დაუდგებიან, ყოველთვის ბოლომდე დაიცავენ.

„ერთმნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ აქ მოვედით პირველ რიგში იმიტომ, რომ იმ პოლიციელებს, სამხედროებს, რომლებიც აქ იბრძოდნენ, გვერდში დავდგომოდით და ოფიციალურად გვეთქვა, რომ ეს რეალობას მოწყვეტილი რაღაც იდეები – რომ შეიძლება ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გასწირა და ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა ოკუპაციის ხაზზე, ოკუპირებულ ცხინვალში, შეიძლება რაღაც რისკები გაუჩნდეთ.

ჩვენ მათ გვერდში დავუდექით და ვუთხარით თითოეულ მათგანს, რომ იმ საკითხებზე, რომელიც დასჭირდებათ, შსს და სახელმწიფო ყოველთვის გვერდით ედგება, დაიცავს მათ უფლებებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვსულიყავით 2008 წლის ომის ვეტერანებთან ერთად პოლიციელებთან, ასევე სხვა დანაყოფების წარმომადგენლებთან და გვეთქვა, რომ წინ კიდევ ბრძოლები გველის.  ჩვენ გვესმის, რომ ამ ხალხისთვის ეს საოკუპაციო ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ქვეყნის ერთიანობა დღეს არის ჩვენი საერთო მიზანი. თითოეულ მათგანს, ჯარისკაცს, პოლიციელს დავიცავთ ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ გია ცერცვაძის დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა. მინისტრმა განაცხადა, რომ დაკრძალვის ცერემონიალზე სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ჩვენ ვეხმიანებით ყველა იმ ადამიანს, ვინც სამშობლოს შესწირა თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. სამწუხაროდ, იმ დღეს თბილისში არ ვიყავი, თუმცა ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები აქ იყვნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.