გიორგი გახარია - პანკისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომელზეც უფრო დეტალურად პარლამენტში ვისაუბრებ
გიორგი გახარია - პანკისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომელზეც უფრო დეტალურად პარლამენტში ვისაუბრებ

პანკისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან დავალება მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, გიორგი გახარიამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს შედგა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა, სადაც ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

„მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი სულ ახლახანს იყო მიღებული პარლამენტის მიერ. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო, ვერ ესწრებოდა საბჭოს სხდომას ორი მუდმივი წევრი. მივიღეთ დავალებები პრემიერისგან. მე გავაცანი საბჭო წევრებს სტრუქტურა, როგორ წარმოგვიდგენია უახლოეს პერიდოში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ,  ეს საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი, შემდეგი შეხვედრა დაინიშნა ერთ თვეში.  მივიღეთ კონკრეტული დავალებები, რომლებსაც შევასრულებთ. პანკისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ კონკრეტული დავალება და დავალებას შევასრულებთ. ამ თემაზე უფრო დეტალურად პარლამენტში ხვალ ვისაუბრებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.